16 ნოემბერი 2026,   12:03
ვრცლად
2026 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგები დაფიქსირდა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის იანვარი-ოქტომბერში, ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგები დაფიქსირდა - ინფორმაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"2026 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 17.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი 10 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 690,535 TEU შეადგინა , 10%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში, რაც პირველი 10 თვის ჭრილში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია.

მნიშვნელოვანია, რომ ტვირთების ზრდა დაფიქსირდა ყველა ცალკეულ ნავსადგურსა და ტერმინალში, ასევე ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში/ტერმინალებში შემოსული გემების საერთო ტონაჟმა 19.2 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში/ტერმინალებში შემოვიდა 1,551 გემი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან ზრდას წარმოადგენს.

რეკორდული შედეგები დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც. 2026 წლის პირველ 10 თვეში რკინიგზით ჯამურად 12.4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. აღნიშნულმა ბოლო 12 წლის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

საანგარიშო პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა.

2026 წლის 20 ივნისი - 31 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში ჩაეშვა, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში ისტორიულად რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით. აღნიშნული ტიპის ტრანსპორტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 13.3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგოურ პერიოდთან შედარებით 5 პროცენტიანი ზრდაა.

ზრდის დინამიკა შენარჩუნდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. 2026 წლის იანვარი - ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 38.3 ათას ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იან ზრდას წარმოადგენს და პირველი 10 თვის ჭრილში ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 7.4 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია და ასევე პირველ 10 თვეში ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები