როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური, რომელიც სამჯერ არის შემცირებული 2020 წლის შემდეგ, 21,3 პროცენტიდან 7,1 პროცენტამდე.
"ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს არის ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ამ პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 2020 წლის შემდეგ. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს და ჩვენი ამოცანაა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა. არსებული ტენდენციებითა და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სტატუსს ჩვენ მივიღებთ 2031-2032 წლებისთვის, ეს არის ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს და რომლის საფუძველზეც ამ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.