16 ნოემბერი 2026,   12:28
ვრცლად
პრემიერი: ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი, ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, ეფექტიანი კანონმდებლობა, გვყავს ძლიერი სამთავრობო გუნდი. კარგი ტენდენციების მიუხედავად, მოდუნება არასდროს არის სწორი, გვჭირდება ახალი ინიციატივების, რეფორმების განხორციელება
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მოდუნება არასდროს არ არის სწორი და ჩვენ გვჭირდება ახალი ინიციატივების განხორციელება, რეფორმების განხორციელება, რაზეც ყველა ეკონომიკური უწყება, ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები მუშაობენ ძალიან აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ქვეყნის თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორისაა ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, ეფექტიანი კანონმდებლობა და ძლიერი სამთავრობო გუნდი.
 
"ჩვენს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი. ზოგადად, გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, მათ შორის, ეფექტიანი კანონმდებლობა და ვფიქრობ, გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი. ვისარგებლებ შემთხვევით და სამთავრობო ეკონომიკური გუნდის თითოეულ წევრს გადავუხდი განსაკუთრებულ მადლობას. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს. ამ ერთი წლისა და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სამინისტროში. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში. მაგალითად, საქართველოს რკინიგზაში წელს გრძელდება ცვლილებების პროცესი და მარტო წელს, დამატებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს რკინიგზას წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მლნ ლარით გაეზრდება. ასევე გვისაუბრია ხშირად საქართველოს ფოსტაში განხორციელებულ ცვლილებებზე. წამგებიანი იყო ეს ორგანიზაცია და წელს პირველად გახდება მომგებიანი. 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი ამ სახელმწიფო საწარმოს და არათუ ვალებს დააგროვებს, პირიქით, შეძლებს წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვალების გასტუმრებას და გავა საბოლოოდ მოგებაზე. ენერგეტიკის სფეროში იყო არასწორი პროცესები, თუმცა აქაც ვითარება გადალაგდა და ვფიქრობ, შემდეგი წლები ენერგეტიკისთვის იქნება აღმშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი", - აღნიშნა პრემიერმა.
დღის ამბები