ნარკოტიკის გამსაღებელი არ უნდა ისჯებოდეს - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლა სურს. ზურა გირჩი ჯაფარიძემ ეს განცხადება ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა. მისი თქმით, ე.წ. ბარიგები დამნაშავეები არ არიან და ისინი კანონით არ უნდა ისჯებოდნენ.
ოპონენტის განცხადებას მორიგ ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ რეალურად, ჯაფარიძეს და მის თანამოაზრეებს ისეთი სახელმწიფოს შექმნა სურთ, სადაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ნებადართული იქნება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლები მკაცრად უნდა ისჯებოდნენ და მსგავსი განცხადებების გაკეთება ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი პოლიტიკოსებისთვის მიუღებელია.
"ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, მსგავს განცხადებებს ზოგადად არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ესენი ასე ფიქრობენ და ასე ცხოვრობენ.
ის, რომ ე.წ. ბარიგა და ნარკოტიკის რეალიზატორი უნდა დააკავოს სახელმწიფომ, ეს არის კრიმინალი და უმკაცრესი სასჯელი უნდა განისაზღვროს მისთვის, ეს არის მგონი არახალი.
ეს ადამიანები, ერთი წამით წარმოიდგინეთ ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფოს, ზოგადად ქვეყანას? ჩაძირავენ ნარკოტიკში თავიდან ბოლომდე.
მსგავს განცხადებებს როცა აკეთებ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსად მიგაჩნია თავი, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოსახლეობა შენ არჩევნების პერიოდში ხმას არ გაძლევს", - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილი.