16 ნოემბერი 2026,   12:28
ვრცლად
ერთია რა გაქვს ჩადენილი წარსულში და მეორეა, თუ თეორიულად მოგეცემა საშუალება, გაიმეორებ თუ არა. ამართლებენ ყველა არაკანონიერ, არაკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ ამაყობენ კიდეც - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა ორ საათში განახლდება. მმართველი გუნდის სარჩელზე მსჯელობა ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომები ოპოზიციის რეალურ ზრახვებსა და მიზნებს კიდევ ერთხელ აჩვენებს და დარწმუნებული არიან, რომ მათ საჩივარზე საბოლოო პასუხიც სამართლებრივი და სამართლიანი იქნება.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ამართლებს მთელ რიგ რევოლუციურ პროცესებს და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას. ისინი გაიაზრებენ თუ არ გაიაზრებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გამეორების შანსი დიდია და საფრთხეს წარმოადგენენ ქართული პოლიტიკური სივრცისთვის და საქართველოს მომავლისთვის:

"ნაციონალური მოძრაობა" თავის ამპლუაშია, იმდენი მტკიცებულება მოგვცეს ამ პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად. ერთია შენ რა გაქვს ჩადენილი წარსულში და მეორეა შენ ამას იაზრებ, არ იაზრებ და თეორიულად შენ თუ მოგეცემა საშუალება, ამას გაიმეორებ თუ არ გაიმეორებ.

ამართლებენ ყველა იმ თავის არაკანონიერ არაკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ ამაყობენ კიდევაც. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა განშტოება, თვითონ უარყოფენ, არა არა ვართ და ამავე დროს ადასტურებენ, რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ ყველა იმ პროცესისა, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარეობდა, ისინი ამბობენ, რომ აი ეს რევოლუციური პროცესი რაც იყო არაკანონიერი მოლოტოვის კოქტეილის სროლა, სხვა ასეთი ვითარება, ეს არის ძალიან ნორმალური დემოკრატიული მოვლენა.

ისევ მივდივართ იმ მომენტამდე, შენ იაზრებ აქამდე რაც მოხდა და ამის გაკეთებას აღარ აპირებ, თუ ეს შენ ნორმალურად მიგაჩნია და ამას კიდევ გაიმეორებ თუ შენ ამის საშუალება მოგეცემა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ესენი გაიმეორებენ ამას და ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ქართული პოლიტიკური სივრცისათვის და საქართველოს მომავლისთვის", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები