მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის მოსკოვიდან და შეზღუდვები, რომელსაც არგუმენტი არ გააჩნია - მინსკში გამართულ შეხვედრაზე, რუსული მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციები მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. "ქართულ ოცნებაში" კითხვებს ბადებს რუსეთის გზავნილები, ერთი მხრივ, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირება, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტების დაძმობილების ინიციატივა.
კანონმდებლების განცხადებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი - ხომ არ ემსახურება ეს დამოკიდებულება ქართული ოპოზიციის გამოფხიზლებასა და რეინკარნაციას.
"აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი შემოთავაზება რუსული მხარის მხრიდან, რომ უმიზეზოდ აკრძალონ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე და, ამავდროულად, შემოგვთავაზონ უნივერსიტეტების მეგობრობა და სტუდენტების რაღაც გაცვლითი პროგრამები. ეს პირდაპირ არის რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისთვის მიწოდებული გზავნილები და ამას ემსახურება, სხვა არაფერს, რაც ჩვენთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი.
დაინახა საზოგადოებამ პრორუსული ძალა რომელია, მთელი ამ წლების განმავლობაში. არავის არ გაუკეთებია რუსული საქმე ისე, როგორც გააკეთა "ნაცბანდამ," როდესაც ქვეყანა შეახეთქა 2008 წლის ომის უბედურებას, შემდეგ გადასცა რუსეთის ფედერაციას უამრავი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტი. გარდა ამისა, მთელი მათი მმართველობა, პირველი დღიდან ბოლო დღემდე, იყო ხელდასხმული, წაქეზებული და დახმარება გაწეული რუსეთის მხრიდან. გახსოვთ, ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, როგორ ჩამოფრინდა მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორ გადაუსვა თავზე ხელი "ნაცების" ბელადს, რომ მოეყვანა ხელისუფლებაში," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.