ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ საინფორმაციო ანგარიშს განიხილავენ. ცნობილია, რომ მასში შეფასებულია მონიტორების ვიზიტი საქართველოში და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათი ყურადღების ცენტრში მოხვდა, მათ შორის საუბარია რუსთავი 2-ის საქმეზეც.
"არჩევნებამდე ვაპირებთ საქართველოში ჩასვლას, რადგან მნიშვნელოვანია ვადევნოთ თვალი მოვლენებს და მივიღოთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან... რაც შეეხება რუსთავი 2-ის საქმეს, ეს საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში. გავეცანით ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შევეცდებით მოვუწოდოთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაცული იყოს,“- განაცხადა მომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა.
მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ანგარიშზე ქართული დელეგაციის წევრები კომენტარს აკეთებენ.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ანგარიში პოზიტიური იქნება, რადგან, მათი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია არის მიწოდებული.
უმცირესობაში კი ამბობენ, რომ მონიტორები საქართველოში მაშინ იყვნენ ჩამოსულები, როდესაც აქტუალური იყო რუსთავი 2-ის საქმე, შესაბამისად, მათი თქმით, ეს და სხვა საკითხები საინფორმაციო ანგარიშის ნაწილი იქნება.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე