ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დღეს მართლმსაჯულების სახლის წინ აქციას გამართავს. ის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად ჩატარდება.
ზაზა ხატიაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. მისი თქმით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია, რომ აღარ მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება და არ დანიშნონ მურუსიძის მსგავსი მოსამართლეები ამ თანამდებობაზე.
"სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავდგეთ, ვინაიდან, საქართველოში ბოლოს და ბოლოს მივიღოთ და მივაღწიოთ სამართლიან სასამართლოს," - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დღეს სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებენ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე, ასევე სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც დაესწრებიან.