საპროტესტო აქცია მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად. მართლმსაჯულების სახლთან, სადაც ამ წუთებში მოსამართლეთა შეკრება მიმდინარეობს, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრი ორგანიზაციები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა პლაკატები უჭირავთ, რომელზეც იუსტიცის საბჭოს სხვადასხვა წევრები არიან გამოსახული. თავად კონფერენცია კი, რომელიც რიგგარეშეა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ არ არის გამჭვირვალე ის პროცესები, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს. მაგალითისთვის მოჰყავთ მოსამართლეთა დანიშვნა, რომელიც გასული წლის დეკემბერში განხორციელდა და გაზაფხულზე მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს.
"სასამართლო სისტემა უნდა იყოს მურუსიძეების გარეშე. ის მოსამართლეები, რომლებმაც სამოქალაქო საზოგადოება მიიყვანეს უკიდურეს უბედურებამდე, რომლებმაც შექმნეს ქვეყანაში რეჟიმ, უნდა მოშორდნენ სასამართლო სისტემას," - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
აქციის მონაწილეები სასამართლოებში საქმეთა გადანაწილების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ.
„თუ საქართველოს მოსამართლეებს უნდათ დამოუკიდებლობა, მაშინ მათი ხმა უნდა ისმოდეს ყველაზე უფრო ხმამაღლა და მათ უნდა მოითხოვონ კონკრეტული საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომ მათ ქონდეთ დამოუკიდებლობის გარანტიები კანონით,“ - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
როგორც კურიერი-სთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მზად არის შეხვდეს აქციის მონაწილეებს და განხილოს მათთან ერთად ყველა ის საკითხი, რომლის მიმართაც მათ პრეტენზიები აქვთ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე