ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის 14 მეხანძრე ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ გაუსაძლისი პირობების გამო იძულებულია ერთ ოთახში იმორიგეოს.
დიდი ხნის წინ გაუქმებული საავადმყოფოს შენობაში სახანძრო რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ნაგებობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. იმის გამო, რომ ფანჯრები და კარებები მოხსნილია და ანტისანიტარიაა 14 მეხანძრე იძულებულია მხოლოდ ერთ ოთახში იმორიგეოს. ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი შექმნილ მდგომარეობაში მის შემცველელს ადანაშაულებს. მერაბ შათირიშვილი ამბობს, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახური ამ მისამართზე გაურკვეველი მიზეზით გადაიყვანა.
ლაგოდეხის რაიონში აფენის ზონაში, რომელიც 6 სოფელს ფარავს მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანაა. ამბობენ, რომ უმართლებთ, რადგან ხანძრები ხშირად არ ხდება.
არაოფიციალური ინფორმაციით 2016 წლის მანძილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახური რამდენიმე რაიონული სახანძროს რეაბილიტაციას გეგმავს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ აფენის ზონის სახანძრო ამ სიაში ამჯერადაც არ შედის.
ავტორი: ეკა გაგუა