ტელეკომპანია მაესტროს აქციების საკონტროლო პაკეტს ახალი მფლობელი ჰყავს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 1 თებერვლის საღამოს 21 საათსა 51 წუთზე სარეგისტრაციო წარმოება დაასრულა და ტელეკომპანია მაესტროს აქციების 55% უკვე მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სახელზეა გადაფორმებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ტელევიზიის აქციების 55% ახლა უკვე გია გაჩეჩილაძე ფლობს, 25% მაკა ასათიანი, 15% მამუკა ღლონტი, ხოლო 5% ეკატერინე აკობია.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადი, ტელეკომპანია მაესტროს წილების გასხვისების შესახებ 1 თებერვალს 17 საათზე შევიდა, წარდგენილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ ტელევიზიის წილის ორმა მფლობელმა, გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ საკუთარ აქციები გია გაჩეჩილაძეს მიყიდეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი გადაუხადა გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს, თანხის ოდენობა გასაიდუმლოებულია.
წილების გადანაწილებასთან ერთად ცვლილებები მოხდა სარეკლამო ბაზარზეც. მაესტროსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ჯი დი ეს–ის სარეკლამო დრო ტელეკომპანია იმედმა შეიძინა და მასში 5 მილიონი გადაიხადა.
ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით ტელეკომპანია მაესტროში განცხადება დღეს გაკეთდება, მანამდე კი არხის გენერალურმა დირექტორმა ეთერ (ბაია) გადაბაძემ სოციალურ ქსელ facebook-ში საკუთარ გვერდზე 22 იანვარს დაწერა
წლების განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს სისტემატურად ქონდათ შემოთავაზება წილის გასხვისების თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი გარიგება არ შემდგარა. დღეის მონაცემებით მე, როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დამფუძნებელი გეგმავს წილის გაყიდვას.