ხურვალეთის დასახლებაში მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ამოხეთქა და იქვე მცხოვრები მოსახლეები დააზარალა. ერთერთი დაზარალებული ვიოლეტა ხოხაშვილის ოჯახია. წყალმა, რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვებოდა, მათი ეზო დატბორა, სახლის სახურავი დააზიანა და ქათმები დაუხოცა.
როგორც ვიოლეტა ხოხაშვილმა განგვიცხადა, მათ სახლთან ახლოს სარწყავი წყლის მილი გადიოდა, რითაც მიმდებარე სოფლები წყლით მარაგდებოდა. მილი რამდენჯერმე დაზიანდა და შეაკეთეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წყლის ნაკადს ვერ გაუძლო და ამოხეთქა. წყლის ნაკადი დაზარალებულის თქმით წყლის კომპანიამ შეაჩერა. ხელისუფლებიდან კი მასთან არავინ მისულა.
„ეზო დაიტბორა 40 წუთის განმავლობაში, სახურავი დაგვიზიანდა, კედლები სულ ტალახიანია, საქთმეც დაგვეტბორა და დაზიანდა, ქათმები მყავდა ბევრი და 5 დამეხოცა“, - აღნიშნა ვიოლეტა ხოხაშვილმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.
წყლის ამოხეთქვის კადრები ერთერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი ბერიაშვილმა 1 თებერვალს გაავრცელა.
დაზარალებული მოსახლეობა სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს. მელიორაციის სამსახური წყალსადენ მაგისტრალზე აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.