გიორგი გაჩეჩილაძე მაესტროს არხზე ახალი ფორმატის ტელევიზიის შექმნას აპირებს. მან კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკები მიმდინარეობს და პრობლემების გადაწყვეტას ძალისმიერი მეთოდებით არ აპირებს.
ცნობილია ისიც, რომ მისი ადვოკატი სასამართლოს მიმართავს და არხის გაკოტრებასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის უკან გამოტანას მოითხოვს.
"ყველაფერი დარჩება ჯერჯერობით ისე, როგორც არის და მერე ახალი ფორმატის ტელევიზია მინდა რომ გაკეთდეს. საერთოდ ახალი ფორმატი, ისეთი როგორიც ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა. რეესტრში აისახა და ეხლა არის დარჩენილი ის, რომ გაკეთდეს ახალი ფორმატის ტელევიზია. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ არ ვაპირებ, რომ ძალისმიერი მეთოდებით გადავწყვიტო ეს პრობლემები, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ეს, ყველასთან გამოინახება საერთო ენა და ყველა ერთად შევეცდებით, რომ საქართველოში შეიქმნას კიდევ ერთი ახალი საინტერესო და კარგი ტელევიზია,“ - განმაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მცირე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი მეწილემ ლევან ჩიკვაიძემ, თუმცა მან თავის პოზიცია არ დააფიქსირა.
„ჩემ პოზიციას რაღა მნიშვნელობა აქვს, აღარ ვარ მფლობელი,“ - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.
ცვლილებები მაესტროს მეწილეთა რიგებში საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე აისახა. ამონაწერის მიხედვით, მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა. მომღერალმა, რომელმიც უკვე ფლობდა მაესტროს 25-თ პროცენტს, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15 პროცენტი შეიძინა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძესთან ერთად მაესტროს აქციების 25%-ს მფლობელი მაკა ასათიანი, 15%-ის მამუკა ღლონტი, ეკატერინა აკობია კი ტელეკომპანიის აქციების 5%-ის მეპატრონეა. ამ დრომდე არ სახელდება თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს გადაუხადა. გარიგებას წინ უძღოდა ცვლილბები სარეკლამო ბაზარზე - მაესტროს სარეკლამო დრო - ისევე როგორც ჯიდიესის - ტელეკომპანია იმედმა შეიძინა.