20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
24 არასამთავრობო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს.

მიმართვის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე სათანადოდ ინფორმირებული არ არის, პროცესები კი ხელოვნურად ჭიანურდება.

წერილში, რომელიც 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ მოლაპარაკება გაწევრიანებაზე ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ევროკავშირის მხრიდან ამ დათმობების მიუხედავად, მოლაპარაკება ჯერაც გაურკვეველი მიზეზების გამო არ დასრულებულა.

ხელმომწერები მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით საკითხის განსახილველად საჯარო შეხვედრას ითხოვენ. მანამდე კი მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკაში ყველა ახალ ხელშეკრულებაზე სამთავრობო, საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.

მიმართვაში წერია, რომ ენერგეტიკაში შექმნილი ერთჯერადი გადაწყვეტილებების პრაქტიკა უშვებს როგორც კორუფციული, ასევე პოლიტიკური ბერკეტების არსებობას, რაც კრიტიკულ საფრთხეს შეიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გაჭიანურება კი ამ საშიში გარემოს შენარჩუნებას ნიშნავს.

არასამთავრობოებს პრემიერის ადმინისტრაციიდან პასუხი შეხვედრასთნ დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ, თუ საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2016 წლის სექტემბრამდე არ გაწევრიანდება, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება ქვეყანას მომდევნო წლებში უფრო ხისტ პირობებსა და გართულებულ გარემოში მოუწევს.

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები