კოჯრის 60 ბენეფიციარი, ერთი ცნობის გამო, უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობს. უფასო სასადილოში მათ საკვებს მანამდე აღარ მისცემენ, ვიდრე სოციალურად დაუცველები შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენენ. თუმცა, ბენეფიციართა უმრავლესობას იმის ფულიც კი არა აქვს, რომ თბილისში ცნობის ასაღებად ჩავიდეს.
საკვების გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემის შესასწავლად დღეს კოჯორში საკრებულოს წევრები ჩავიდნენ.
ირაკლი აბესაძემ გამგეობის წარმომადგენლისგან პასუხი მოითხვა, თუ რა გახდა 60 ბენეფიციარისთვის საკვების შეწყვეტის მიზეზი. ოფიციალურ ვერსიად ის დოკუმენტი დასახელდა, რომლის წარმოდგენაც ბენეფიციარებმა ვერ შეძლეს.
კოჯრის უფასო სასადილოს პრობლემით კურიერის გადამღები ჯგუფის დაინტერესების შემდეგ მთაწმინდის გამგეობაში სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ყველა ბენეფიციარს, ვისაც საკვების გაცემა შეწყვეტილი ჰქონდა, ხვალიდან აღუდგება. გამგეობამ ბენეფიციარებს სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დიკუმენტის წარსადგენად 2-კვირიანი ვადა მისცა.
მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველებს იმ საბუთს სთხოვს, რომელსაც თავად გასცემს.
კოჯრის უფასო სასადილოში მცირედი ულუფა ხვალიდან ყველა ბენეფიციარმა უნდა აიღოს, ერთ სულ მოსახლეზე ნახევარ პურს, წვნიანს, წიწიბურას და 1 ჭიქა კომპოტს გასცემენ.
ავტორი: გიგლა თუმანშვილი