არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს მოსამართლეთა ტესტირების საკითხი დროულად შეისწავლოს და ამას შესაბამისი რეაგირებაც მოყვეს. ისინი საბჭოს დღეს წერილითაც მიმართავენ.
იმ შემთხვევაში თუ რეაგირება არ იქნება დროული და ადეკვატური, მათ შესაძლოა უკვე პროკურატურას მიმართონ. არასამთავრობოები ასევე გეგმავენ დააკვირდნენ, როგორ წარიმართება ამ საქმის შესწავლა. მათი შეფასებით, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.
კონფიდენციალური ტესტების გატანაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებენ და ნოემბერში ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გადახედვას ითხოვენ. ასევე მიაჩნიათ, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე მოსამართლეთა ხელახალი დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს.