"მე მათ მითხრეს, რომ ვარ საჭირო კადრი ყველა ტელევიზიისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა აქ დარჩენა, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა"-ეს განცხადება ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. გადაბაძემ პარტნიორთა საბჭოს კრების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაჩეჩილაძეებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა თანამდებობას სთავაზობდნენ მას, შეთავაზება მხოლოდ არხზე დარჩენას ეხებოდა. გადაბაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია არა არხზე მისი დარჩენა, არამედ იმ ფულის წარმომავლობა, რომლითაც გია გაჩეჩილაძემ მაესტროს წილი გამოისყიდა.
„კრებაზე დააყენეს საკითხი ჩემი გადადგომის და ლევანის დანიშვნის, რომელიც თვითონვე მიიღეს, იმიტომ, რომ სხვა ყველა წინააღმდეგი იყო. ანუ ლევანმა დააყენა ეს საკითხი, მე გადამაყენა და თავის თავი დანიშნა. შემდეგ მითხრეს, რომ მათ აქვთ შემოთავაზება ჩემთან, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლოთ, მე რადიო უცნობში მრავალი წელი ვიმუშავე და შესაბამისად მე დავინტერესდი, იმიტომ, რომ თქვა უარი როდესაც არ გაქვს მოსმენილი არ იქნებოდა სწორი. დავტოვეთ პარტნიორთა კრება, გამოცხადდა შესვენება და გადავინაცვლეთ ჩემს კაბინეტში. მე მათ მითხრეს, რომ ვარ საჭირო კადრი ყველა ტელევიზიისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა აქ დარჩენა, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. მე ვთქვი ასეთი, რამ რომ თუ მე გასართობ გადაცემებზე მექნებოდა შემოთავაზება, ამას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ თუ სარედაქციო პოლიტიკა იქნებოდა ვინმე სხვის მიერ გაკონტროლებული შესაბამისად ეს კარგავდა აზრს. მითხრეს, რომ ეს ასე არ იყო, თუმცა კონკრეტული შეთავზება ჩემს მიმართ არ ჰქონდათ. შესაძლოა იყოს დირექტორი, შესაძლოა იყოს გენერალური პროდიუსერი და ასე შემდეგ. აქ მთავარი საკითხი არ იყო ჩემი დასაქმება, აქ მთავარი საკითხია ფულის წარმომავლობა, რომლითაც გია გაჩეჩილაძემ იყიდა დანარჩენი პარტნიორების წილი. ვერასდროს ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ქველმოქმედი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც აფინანსებს ისედაც ერთ არხს, რომ მას კონკურენტი არხის დაფინანსება მოინდომა,“-განაცხადა გადაბაძემ.