თბილისის მერიამ სასაფლაოზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. საუბარია ქავთარაძის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობაზე, რომელიც ქუჩის მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად მაინც შენდება.
ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა მათი კორპუსების უკან ახალი მშენებლობების წინააღმდეგია. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე გერმანელი ტყვეების საფლავებია.
ტერიტორიაზე სასაფლაოს არსებობას ადასტურებს გერმანული სათვისტომოს დამაარსებელი, ჰარი აუგუსტიც და საელჩოს ტერიტორიის დაცვას სთხოვს.
რეფორმირების ცენტრში კი ამბობენ, რომ მერია ნებართვებს წინასწარი შესწავლის გარეშე, მხოლოდ ინვესტორების მოთხოვნის გათვალისწინებით არიგებს.
გარდა ამისა, მოსახლეობა შიშობს, რომ ახალი მრავალსართულიანი ბინების მშენებლობა მათ ძველ კორპუსებს დააზიანებს და მზის შუქთან ერთად ფასსაც დააკარგვინებს.
ამბობენ, რომ არსებული გამწვანების ზოლი მათთვის ერთადერთი სასუნთქი და დასასვენებელი ადგილია, ახლა კი მის გარეშე რჩებიან.
მოსახლეობა მწვანე ზოლის დათმობას არ აპირებს. ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ და მის შესრულებას მოითხოვენ.