20 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"გაზპრომის" შემდეგ შესაძლოა რუსული გავლენის ქვეშ საკომუნიკაციო მაგისტრალი აღმოჩნდეს

ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ რუსული კომპანია ცდილობს ევროპიდან მომავალ მაგისტრალურ კაბელს დაეპატრონოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უარყოფენ, თუმცა გარკვეული გარიგება რუსულ კომპანიასთან მიმდინარეობს. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, გაზპრომის შემდეგ შესაძლოა რუსული გავლენის ქვეშ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო მაგისტრალი აღმოჩნდეს. ამჯერად საუბარია ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, რომელიც დღეს კავკაზუსის საკუთრებაა და რომელიც დღესდღეობით ევროპასთან დამაკავშირებელი პირდაპირი ხიდია ციფრული თვალსაზრისით.

ზღვის ფსკერზე ჩადებული კაბელი ევროპულ ინტერნეტთან უმოკლესი და ყველაზე იაფი გზაა. დღეისათვის საქართველოსთვის ინტერნეტის მიღების სულ სამი მაგისტრალი არსებობს, რუსეთი, თურქეთი და სწორედ ფოთი-ვარნას მაგისტრალი, თუმცა თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით ფოთი-ვარნას დამაკავშირებელი კაბელის შესყიდვას მობიტელი ცდილობს, რომელიც საქართველოში ბილაინის სახელით მოღვაწეობს და მის უკან რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტი, ვიმპელკომი დგას. სწორედ მობიტელს და კავკაზუსს ერთობლივად აქვთ შეტანილი განაცხადი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ ვიმპელკომის შვილობილ მობიტელს აღნიშნული გარიგების ბოლომდე დასრულება შეეძლება.

ვიმპელკომთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფომრაცია დაადასტურეს კავკაზუს ონლაინში, თუმცა განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საუბარია საცალო სეგმენტის შესყიდვაზე.

დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებას თავისუფალი დემოკრატები ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გეგმავენ. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები