20 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ოპოზიცია ციხისძირში დაბანაკდა-ასწლოვან ხეებს საპროტესტო აქციით იცავენ

ოპოზიცია ციხისძირში დაბანაკდა. დღეიდან ისინი გაშლილ კარავში მორიგეობენ და ამ ფორმით ასწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ, რომელიც აჭარის სანაპიროდან ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში გადააქვთ.

ციხისძირში სავარაუდოდ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი შენდება. დოკუმენტი მასშტაბური მშენებლობის შესახებ ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიზანულ მებაღეობაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მშენებლობით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული და ტერიტორიიდან მრავალსაუკუნოვანი ხეების გატანაც სწორედ ამ მიზნით ხდება.

არის თუ არა გასხვისებული ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორია და ვის სახელზე, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. განმარტებები აჭარის მთავრობის შესაბამის უწყებაში არ გაუკეთებიათ.

ციხისძირიდან უნიკალური ჯიშის ხეების გადატანის პროცესი უკვე დაწყებულია. ასწლოვან ხეებს აჭარის სანაპიროდან ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში უახლოეს მომავალში გადაიტანენ.

ციხისძირში მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა, რომელიც თბილისის მერიის სპეციალური საშვით გადაადგილდებოდა. დავით ნარმანიას თქმით, საშვები მანქანებისთვის 13 ივნისის სტიქიის დროს გაიცა, თუმცა ვადა მითითებული არ არის.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ციხისძირში ხვალ გაიმართება.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები