სტუდია მაესტროში სამეწარმეო რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ტელევიზიაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა შეხვედრა მაკა ასათიანსა და თანამშრომლებს შორის. გადაწყვეტილება უცვლელი რჩება - მოქმედი ხელმძღვანელობა ძმები გაჩეჩილაძეების შენობაში სამართავად შეშვებას გამორიცხავს, ჟურნალისტები კი სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე, ლევან გაჩეჩილაძის მითითებებს არ შეასრულებენ.
იმ შემთხვევაში თუ ის გენერალურ დირექტორად დარეგისტრირდება, არხი შესაძლოა ლოგოსა და წარწერა მაესტროს გარეშე დარჩეს.
ტელეკომპანია მაესტროს აქციების 25 %-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტიელბას ელოდებიან.
ბაია გადაბაძის თქმით, კი მეურვე შენობაში შევა, რადგან მას ამის უფლება კანონით აქვს, თუმცა მისვე თქმით, „ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის სამართავად ვერ შემოვა."
„მე ვარ დელეგირებული ყველა იმ ჟურნალისტისგან, რომელიც მუშაობს მაესტროში და მე ვლაპარაკობ მათი სახელით,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ლოგოს მფლობელის, ბაჩო კიკაბიძის თქმით, სამეწარმეო რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ, ის მაკა ასათიანთან და მამუკა ღლონტთან გაივლის კონსულტაციებს და სამომავლო გეგმებსაც ამის შემდეგ დასახავს.