დღეს უნდა გახდეს ცნობილი დაარეგისტრირებს თუ არა საჯარო რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს სტუდია მაესტროს დირექტორად.
მანამდე კი საჯარო რეესტრს სტუდია მაესტროს აქციების 55%-იანი წილის მფლობელი აკრიტიკებს. გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ "რეესტრის ფუნქცია მიღებული გადაწყვეტილებების დარეგისტრირებაა" ჟურნალისტებთან საუბრისას გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თუ რეესტრი მის ძმას არ დაარეგისტრირებს მაესტროს გენერალურ დირექტორად, ის სხვა გზებით გააგრძელებს ბრძოლას, თუმცა ბრძოლის რა გზებს გულისხმობს გაჩეჩილაძე ცნობილი არ არის.
სტუდია მაესტროს წილის მფლობელი ხელისუფლებასაც მიმართავს და მათგან რეესტრის ქმედებაზე პასუხს ელოდება. ამ დრომდე საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია.
"რა გამოვიდა რომ მე ტყუილად შევიძინე 55%, რომ მაესტრო გაკოტრდეს და დირექტორი ვერ დავნიშნე? რეესტრის საქმე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებაა. რადგან ტელევიზიაა და წივილ-კივილი ისმის ტელევიზიიდან და შანტაჟი, ამიტომ ვერ ვცვლი დირექტორს? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თუ დირექტორი არ დამანიშნინეს და წავიდა გაკოტრების პროცესი, მაშინ სხვანაირად ვიბრძოლებ,"- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ