ციხისძირში ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აქციის მონაწილეები შეხვედრას მართავენ.
ივანიშვილი ყველა იმ პირის, ვინც ციხისძირიდან ურეკში გიგანტური ხეების გადატანას აპროტესტებს, პირადად ესაუბრება.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პეტრე ზამბახიძემ, რუსთავი2-ს განუცხადა, ივანიშვილმა მათთან საუბრისას დაადასტურა, რომ ასწლოვანი გიგანტური ხეები პირად საკუთრებაში მიაქვს.
„გვითხრა, რომ გიგანტური ხეები მისი გატაცებაა და მათ მთელს მსოფლიოში ყიდულობს, მათ შორის ჩილეშიც. შემდეგ კი ურეკში მისივე საკუთრებაში გადააქვს. ეს ყველაფერი კი ძალიან ძვირი უჯდება. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ამ მილიონების სანაცვლოდ შეუძლია, ასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს მოუგვაროს პრობლემები. ასევე დაეხმაროს იპოთეკით დაზარალებულებს, რომლებიც სახლკარის გარეშე რჩებიან.“ - განუცხადა რუსთავი2-ს პეტრე ზამბახიძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ახირებაზე მთელი სახელმწიფო ბიუროკრატია დადის, რაც არ უნდა ხდებოდეს.