20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ციხისძირში გამართულ აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე გუშინ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს მხარეთა ჩვენებები მოისმინა, სასამართლო პროცესი კი 18 თებერვლამდე გადადო.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პროცესში ბიძინა ივანიშვილის ძმის აქტიურ მონაწილეობაზე საუბრობენ. როგორც გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, აჭარაში პოლიცია სწორედ ადიკო ივანიშვილის მითითებით მოქმედებს.

"პოლიციის სამმართველოს უფროსი ადიკო ივანიშვილის სატელეფონო ზარის საფუძველზე კონკრეტულად ირჩევს და იჭერს პიროვნებებს," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა. 

ქობულეთის საკრებულოს წევრები ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე იმ დროს დააკავეს, როცა ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის შეჩერებას და სამუშაოების წარმოების ნებართვის დოკუმენტაციას ითხოვდნენ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 250-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას  ითვალისწინებს.

მანამდე კი ამავე ბრალდებით პარტიზანი მებაღეების 3 წარმომადგენელი და ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი დააკავეს. მოსამართლემ ხუთივე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და მათი სასამართლო პროცესი 19 თებერვალს შედგება.

დღის ამბები