"ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა მის საყვარელ ხეს გადატანის დროს პრობლემა შეექმნა," - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კირთაძემ, ციხისძირში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მაშინ, როცა ბათუმში თოვლის გამო ყველაფერი გაჩერებული იყო, ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა. ის არ ჩანს მაშინ, როცა ხალხს უჭირს. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა მის საყვარელ ხეს შეექმნა პრობლემა გადატანის დროს. ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, თუ მას პირადად არ ეხება. მას ამ ხის ამბავი ეხება, იმიტომ, რომ საკუთარ ეზოში უნდა დარგოს," - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
დღეს ციხისძირში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. შეხვედრის შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ადამიანები ხეების უკანონოდ გადატანას აპროტესტებდნენ და ამის გამო მათი დაკავებისთვის ვინ აგებს პასუხს.
"ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეჩერდება სამუშაოები მანამ, სანამ მისი მთავრობა არ მოაწერს ხელს ყველა დოკუმენტს. ისმის კითხვა, იყო თუ არა ის ხუთი ადამიანი უკანონო პატიმარი თუნდაც ერთი დღით და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი," - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.