აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრემიერს დღეს ხეების გადარგვისთვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტაცია მოსთხოვეს. თუმცა, სამუშაოების დამკვეთი დღეს ციხისძირში დამადასტურებელი ნებართვების გარეშე ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე გადარგვითი სამუშაოების კანონიერების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც მას აქვს.
ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, ყოფილი პრემიერის მითითებით, ხეების გადატანის სამუშაოები დოკუმენტაციის გადამოწმებამდე და მოწესრიგებამდე შეჩერდა.
ბიძინა ივანიშვილისგან ახსნა-განმარტება დღეს აქციაზე დაკავებულებმაც მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ პოლიცია სწორედ ყოფილი პრემიერის მითითებას ასრულებდა. ივანიშვილმა დღეს ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამართალდამცველები სამუშაოების მიმდებარე ტერიტორიას მისი სურვილის გამო არ იცავენ.
აქციის მონაწილეები, მათ შორის საკრებულოს წევრები, ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს დღეებში საჭირო სანებართვო დოკუმენტაციას არ წარადგენს და აღმოჩნდება, რომ სამუშაოები კანონდარღვევით ჩატარდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე