12 დღიან შუალედში ფემიციდის სამი შემთხვევა მოხდა, რამაც გასული წლების ფემიციდის სტატისტიკა კიდევ უფრო დაამძიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა მათთვის პრიორიტეტულია და დასტურად ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ჩატარებული 2 182 შეხვედრა და შემაკავებელი ორდერებისა და დევნის დაწყების გაზრდილი მონაცემები მოჰყავთ.
ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე ექსტრემალური ფორმაა, როდესაც ადამიანს კლავენ იმის გამო, რომ ის ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 2013 დან 2016 წლის 20 იანვრამდე 2 598 შემაკავებელი ორდერია გაცემული. პოლიციელების გადამზადებისა თუ მოძალადეების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ფაქტია, რომ რიგ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი დაჩაგრული ცოლების დაცვის გარანტია ნამდვილად არ არის.
უფლებადამცველთა აზრით, ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების ალბათობას საგრძნობლად გაზრდის ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვა და სოციალური მუშაკებისთვის მანდატის გაზრდაა.
კანონში არსებული იმ ჩანაწერის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოძალადეებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა არსებობდეს, დღემდე არ არის ინსტიტუცია, რომელიც ამ კუთხით იმუშავებდა და რისკების სათანადოდ შეფასებით ტრაგიკულ შემთხვევებს შეამცირებდა.
ავტორი: გიორგი გვიშიანი