20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
დაკარგული მიწები - კანონი, რომელმაც შესაძლოა ხალხი საკუთრების გარეშე დატოვოს

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში განსახილველად მთავრობის მორიგი ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის კანონს კიდევ ერთი, მეთერთმეტე პრიმა მუხლი უნდა დაემატოს. მუხლში ვკითხულობთ, რომ უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრება მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, სახლმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრების უფლება.
კანონით უძრავ ნივთად მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეები და მყარად მდგარი შენობა-ნაგებობები ითვლება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ექსპერტის თეონა ზაქარაშვილის აზრით ეს საკანონმდებლო წინადადება საფრთხის შემცველია, რადგან თუ საჯარო რეესტრის კანონში ეს ცვლილება შევა, ნებისმიერი უძრავი ქონება, რომლის საკუთრების მოწმობაც არ გაქვთ, ან გაქვთ და რეესტრში არ მიგიტანიათ, შესაძლოა სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდეს.
ასეთი ქონებები კი მთელი საქართველოს მასშტაბით ადვილი მოსაძებნია ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე, სადაც რეგისტრირებული უძრავი ქონება წითლად არის შემოხაზული.

ეკონომიკის სამინისტრო პირობას დებს, რომ სახელმწიფოს სახელზე მანამდე აღურიცხავ ქონებას ერთი წელი არ გაასხვისებს და შესაბამისად მოდავეებს ექნებათ დრო, რომ საკუთრების უფლებაზე იდაონ და ქონება დაიბრუნონ. თუმცა ესაა მხოლოდ ზეპირი განცხადება, კანონში კი წერია, რომ სახელმწიფო იქნება უფლებამოსილი ქონება არ გაყიდოს, თუმცა არა ვალდებული.

ავტორი: ლაშა კვესელაძე

დღის ამბები