20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ვენეციის კომისიის წევრების და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეხვედრის პარალელურად აქცია გაიმართა

პირველი შეხვედრა ვენეციის კომისიის წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ჰქონდათ. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის პარალელურად შენობის გარეთ ცესკოს ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ დელეგაციის ხელმძღვანელთან გასაუბრება შეძლეს და წერილი გადასცეს. მათი თქმით, 5 წლიანი ვადის შემდეგ განთავისუფლებულია 180 თანამშრომელი და მათი ჩანაცვლება ხდება ქართული ოცნების აქტივისტებით. 

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ელის წინ, არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი და ამ ფუნდამენტს, რატომღაც, არყევს ცენტრალური საარჩევნო კომისია. გავდივართ კოსნულტაციებს იურისტებთან და უახლოეს დღეებში შევიტანთ სარჩელს სასამართლოში“, - განაცხადა ცესკოს ყოფილმა თანამშრომელმა ნინო დათუაშვილმა.

ასევე ცეესკოს ერთ ერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, მის ადგილზე დაინიშნა გამოუცდელი კადრი ქართული ოცნებიდან.

"ვმუშაობდი 10 წლის განმავლობაში თეთრი წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2 წლის განმავლობაში ვიყავი მდივანი, 8 წელი - მოადგილე. გამივიდა უფლებამოსილების ვადა და აღარ მოხდა ჩემი არჩევა. ჩემს ადგილზე ვინც არის, როგორც ვიცი, არ აქვს არანაირი საარჩევნო გამოცდილება. ის არის ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა მაია ბეგიაშვილმა.

არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაყოფის საკითხებში ვენეციის კომისიის იურისტის თქმით, ისინი სთავაზობენ თავიანთ მოსაზრებას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

"ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაციაც და მივიღეთ წერილიც. ეს საკითხი განვიხილეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეხვედრაზეც. თუმცა ეს არ არის ის მთავარი თემა, რაზეც ვენეციის კომისია მუშაობს. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსაზრებებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე“, - განაცხადა გაელ მარტინ მიკალეფიმ.

         

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები