20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ხვალიდან მოსახლეობამ კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები დაბალ ფასად უნდა შეიძინოს

ფარმაცევტულმა კომპანიამ ჰუმანითი ჯორჯიამ წამყვან სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, ხვალიდან მომხმარებელს ყველა მსხვილ ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჰუმანითი ჯორჯიასა და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად განხორცილდება. უახლოეს მომავალში კი მსხვილი სააფთიაქო ქსელები სხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც მომარაგდება.

"ყველა პრეპარატი რომელიც შემოდის, ის უკვე შემოდის იმ დოკუმენტაციით, იმ შესაბამისი სერთიფიკატებით, რომელიც ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში არის მიღებული. მთავარია ყველა პრეპარატი, რომელიც შემოვა, მასზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი და როცა ის დახლზე დაიდება, შესაბამის სტრიქტურებს ვთხოვ და მოვთხოვ კიდეც, რომ არჩევითად ხდებოდეს მისი ამოღება“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის თქმით, მოსახლეობა შეძლებს მაღალი ხარისხის მედიკამენტები დაბალ ფასად შეიძინოს.

"პირველ რიგში მადლობას ვუხდი ფარმაცევტულ კომპანიებს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების მოთხოვნას და პირველ ეტაპზე შემოგვაქვს კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები. მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი სასარგებლო იქნება, როგორც მხარეებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის. ისინი შეძლებენ მიიღონ ხარისხიანი მედიკამენტები დაბალ ფასად“, - აღნიშნა ანდრეი კუზმა.

ფარმაცევტული კომპანია ავერსის დამფუძნებელის თქმით, ისინი მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.

"ჰუმანითი ჯორჯიამ მოგვმართა რამდენიმე დღის წინ თანამშრომლობის წინადადებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მათი წამლები და იმის მიხედვით, როგორი იქნება მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა, ჩვენ ამ მოთხოვნილებას სრულად დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.   

დღის ამბები