ხმაური მოყვა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც შეეხებოდა კახეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობამ მოახერხა ის, რომ კახეთში გაზაფხულიდან 85 ათას ოჯახს გაუუარესდება მდგომარეობა.
"მეოთხე წლის ყველაზე რთულ გაზაფხულზე 1 მარტიდან კახეთის მოსახლეობას 4 თეთრით უძვირებს ელექტროენერგიის გადასახადს, ასევე 1 აპრილიდან თელაველებს 11 თეთრით გაუძვირდებათ ბუნებრივი აირი და ამას აკეთებს ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც ძალიან ბევრი მომხიბვლელი დაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში და მათ შორის იყო ენერგოტარიფების განახევრება გაიაფება. მთავრობამ მოახერხა ის, რომ კახეთში გაზაფხულიდან 85 ათას ოჯახს გაუუარესდება მდგომარეობა“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
ასევე უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს პოპულისტური უწოდა.
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კახეთში დენის გაძვირება აი ამ გაუსაძლისი ვითარების დროს არის მოხლოდდამხოლოდ პოპულიზმი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაზის გაძვირება თელაველებისთვის არის პოპულიზმი, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ამორიცხეთ ეს ხალხი თქვენ იმ ადამიანთა ნუსხიდან, რომელზე ზრუნვაც გევალებათ“. - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
ქართული ოცნების წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, ენერგომომარაგების საკითხს მუშაობა სჭირდება.
"მართლაც გაუარესდა ენერგომომარაგების საკითხები. ამ თემას მუშაობა სჭირდება და არა ესეთი განცხადებების გაკეთება, რომ დაპირისპირება, თითქოს, იქედან მოდის, რომ ვინმეს უარესი აქვს ჩაფიქრებული, რომ როგორმე გააძვიროს და გააუარესოს სიტუაცია. იცით ყველაფერი კარგად, რა ხდება, რა პროცესები მიდის და სწორედ ამ მიმართულებით არის მთავარი დარტყმები მიშვებული", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.