ძლიერმა ქარმა თელავში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა. შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე მოხდა. ერთერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი ცენტრალურ მაგისტრალზე დაეცა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კახეთის რეგიონის სამაშველო ბრიგადები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.
მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებულ მოსახლეობას კახეთის გუბერნატორი შეხვდა. როგორც ირაკლი შიოლაშვილმა განმარტა, ზარალი არ არის იმდენად მასშტაბური, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ზიანის ანაზღაურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.
ძლიერი ქარის გამო სიღნაღს, ახმეტას, თელავსა და საგარეჯოს რაიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ძლიერი ქარის გამო აღდგენითი სამუშაოები არ ხერხდება.