"აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა"-ასე აფასებს ტელეკომაპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პირველმა ინსტანციამ არ გააუქმა კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.
„საქმეები, რომელიც იხილება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ერთ ინსტანციას აქვს 25 დღე მეორეს აქვს ორი თვე, 85 დღეში რაც კეთდება, ეს ყველაფერი გაკეთდა ზუსტად 24 საათში. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი, რომ ხელისუფლება შემთხვევით ხომ არ ერევა ირიბათთქო, ეხლა მაქვს ყველანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვთქვა, რომ აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა. კითხეთ ნებისმიერ იურისტს, რომელსაც ერთი საქმე მაინც უწარმოებია, თუ არსებობს შემთხვევა, რომელიც 24 საათში დასრულდა,“-განაცხადა ბაია გადაბაძემ.
გადაბაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება.
მიუხედავად ამისა, გადაბაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას, რადგან კანონით ეს არის სხვისი საკუთრება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ მაესტროში კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელზეც გადაწყდება ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები.