20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"გონივრული ეჭვი მაქვს, რომ უწყებები ხელს აფარებენ ზვიად კვაჭანტირაძეს,"- გუგა სულხანიშვილი

ზვიად კვაჭანტირაძის შესაძლო საკანონმდებლო დარღვევებზე ქართული გაზეთი უკვე თვეზე მეტია საჯარო ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. სახაზინო სამსახურში 6 იანვარს შესულ მოთხოვნაზე გაზეთმა პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო. უწყებას, ქართული გაზეთისთვის არც დოკუმენტების გაცემაზე უთქვამს უარი და არც დოკუმენტები მიუწოდებიათ. 

როგორც ქართული გაზეთის რედაქტორი გუგა სულხანიშვილი რუსთავი2-თან საუბრის დროს აცხადებს, სახაზინო სამსახურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა, რომ შესულ განცხადებაზე პასუხი გაეცა. თუმცა 6 იანვარს შეტანილ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ გაცემულა. ქართულმა გაზეთმა საჯარო ინფორმაცია ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვერ მიიღო. 

დღეს კი გუგა სულხანიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროში, რომელიც სახაზინო სამსახურის ზემდგომი ორგანოებია წერილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თხოვნით. როგორც სულხანიშვილი ამბობს, უწყებებს ახლა უკვე ერთი თვე აქვთ პასუხის გასაცემად. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი სამინისტრო ქართული გაზეთის რედაქტორს არ უპასუხებს სულხანიშვილი სარჩელის შეტანას უკვე სასამართლოში გეგმავს. 

"ადმინისტრაციული კოდექსის ყველა  ნორმა აქვთ დარღვეული. გონივრული ეჭვი მაქვს რომ ეს უწყებები ხელს აფარებენ ზვიად კვაჭანტირაძეს,"- აცხადებს გუგა სულხანიშვილი. 

ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის შესაძლო დარღვევების შესახებ შესაბამისი სამსახურებიდან ვერც კურიერმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა გაზეთმა რამდენიმე კვირის წინ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ გენერალური კონსულობის ბოლო წელს, გენერალური საკონსულოსთვის, სახელმწიფოს ხარჯზე, გამოიყვანა სრულიად ახალი ავტომობილი. როგორც სტატიაშია აღნიშნული კვაჭანტირაძე ნასვამი მიუჯდა დაუზღვეველი მანქანის საჭეს და შეეჯახა ბოძს. ავტომობილი ისე დაიმტვრა, მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა.

გამოცემის წყაროს ცნობით გენერალურმა კონსულმა დამტვრეული მანქანა გადამალა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს. ფაქტი კი მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ადგილზე ახალი გენკონსული ჩავიდა და ინვენტარიზაცია ჩატარდა.

ქართული გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ კი კვაჭანტირაძეს 80 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, მაგრამ როგორც გამოცემა წერს მას არც ეს თანხა გადაუხდია.

 

 

დღის ამბები