საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს თანამედროვე საბალეტო დასის შექმნის და მისთვის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარის გამოყოფის საკითხი. მას მხარი მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლება დაუჭირეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი არ ეწინააღგმდეგებიან ხელოვნების განვითარებას თუმცა ფიქრობენ, რომ დედაქალაქს აქვს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც. ასევე ოპოზიციააში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ საკითხს მერიაში კოკრეტული გულშემატკივრები ჰყავდეს.
“არის ეს დღეს დროული, როდესაც ქალაქში არაფერი არ არის გაკეთებული, როდესაც ეკონომიკური გაჭირვებაა და როდესაც ქალაქი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, ეს გამოდის ჭირიანობის დროს მეჯლისი, “ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ამ საკითხზე გამართლებული არგუმენტები ვერ მოისმინა.
“ნამდვილად ვიცი, რომ ქალაქში ხალხს სახლი ენგრევა თავზე და ჩემი აზრით პირველ რიგში ამოცანა ახლა ეს არის და ამ დროს ახალი საბალეტო დასის შექმნა რამდენად გამართლებულია მე ამაზე არგუმენტები ვერ მოვისმინე,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, შემოქმედებითი სფეროს განვითარება შესაბამისი სოციალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია.
“გაუგებარია ოპოზიციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნება და კულტურა არ არის აქტუალური საკითხი, პირიქით სწორედ კრეატიული და შემოქმედებითი სფეროს განვითარება არის ნომერი პირველი ამოცანა იმისათვის, რომ მივიღოთ შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი“ - განაცხადა ტალიაშვილმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი