უამინდობის გამო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაური და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავსუფალია.