ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებასთან მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარების შემდეგ ამჟამად სიმშვიდეა. სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები და ახლობლები ადგილზე გოგონას მიყვანას ელოდებიან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა გამტაცებელი და მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, თუ ისინი პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ, გამტაცებლები სამირა ბაირამოვას უახლოეს მომავალში დააბრუნებენ. თუმცა, ამ ეტაპზე სამირა ბაირამოვა არც მიმდებარე ტერიტორიაზე და არც საკუთარ სახლში არ მიუყვანიათ.
ასევე, ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის რწმუნებულიც. თუცმა, მას ამ დროისთვის დასკვნის გაკეთება უჭირს,
სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, ბაირამოვების ოჯახის წევრებს საჩივარი პოლიციიდან ჯერ არ გამოუტანიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს "სისხლის სამართლის კოდექსის" 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა