საქართველოს დღეიდან სამთო-სათხილამურო კურორტი შეემატა. თეთნულდზე ერთი საბაგირო გზა უკვე გახსნილია. კურორტი ტურისტებისთვის წელს მიმზიდველი იმითაც არის, რომ აქ სრიალი მიმდნარე სეზონზე უფასოა.
გახსნის ცერემონიას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისიდან თეთნულდამდე ასასვლელი ახალი გზის მშენებლობის დაწყებაც დაანონსა, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს, კურორტზე 2 საათში იყვნენ.
კურორტი საბოლოოდ რამდენიმე წელში დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აქ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და მასშტაბური ვერტიკალური ვარდნის ტრასები მოეწყობა. წლის ბოლოსთვის 3-კილომეტრიანი სასრიალო გზა 30 კილომეტრამდე გაიზრდება, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ თეთნულდზე ერთდროულად 7 ათასამდე დამსვენებლის მიღება იქნება შესაძლებელი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თეთნულდის კურორტის ამოქმედების შემდეგ მესტიაში ტურისტების რაოდენობის გაზრდას ელის.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი