17 წლის სამირა ბაირამოვას შესაძლო გატაცების თემას არასამთავრობო სექტორი ეხმაურება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გატაცებულის ახლობლებს მონიტორინგს სთავაზობს.
საია-ს განმარტებით, ორგანიზაცია უკვე ჩართულია პროცესში და მიმდინარეობს კონსულტაციები ოჯახის წევრებთან. საია ასევე მზად არის, უფასო იურიდიული კონსულტაციებისთვის.
დღესვე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს მომხდარი და შსს-სგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. დღეს ამ თემაზე კომენტარი სახალხო დამცველმაც გააკეთა.
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა საჯარო გახდეს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
17 წლის გოგოს უკვე მეოთხე დღეა პოლიცია ეძებს და ვერ პოულობს. მისი ადგილსამყოფელი ჯერ ისევ გაურკვეველია ოჯახის წევრებისთვისაც. ახლობლები ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.