ციხისძირის სკანდალი გრძელდება - კომპანია ზიმოს უნიკალური ხეების ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ნებართვა აღარ სჭირდება. პროკურატურაში მიმდინარე საქმის მიუხედავად, მიწის ნაკვეთი, რომლითაც გიგანტური ხეები ზღვამდე უნდა მიიტანონ, მფლობელს ჩამოერთვა.
ინფორმაცია სადაო ტერიტორიის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ დღეს გავრცელდა. 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის საშუალებითაც ყოფილი დენდროლოგიური პარკი ზღვას უახლოვდება, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელობაში იყო. ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ კი საჯარო რეესტრმა მიწის რეგისტრაცია გააუქმა და ტერიტორია ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.
სახელისუფლებო სტრუქტურებში მიწის უკანონოდ გასხვისებაზე საუბრობენ და გადაწყვეტილებას წინ პროკურატურის განცხადებაც უძღოდა, რომლის თანახმად, 2011 წელს ციხისძირის ტერიტორიის თაღლითურად დაუფლების საქმეზე გამოძიება სამი წლის წინ დაიწყო.
ციხისძირიდან უნიკალური ხეების გადატანის შესახებ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის, ინტერესებზე საუბრობენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე