20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
სრულფასოვან განათლებას საქართველოში ათასობით მოზარდი ვერ იღებს

მესამე სექტორი საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს - არასამთავრობოების მონაცემებით, სრულფასოვან განათლებას საქართველოში ათასობით მოზარდი ვერ იღებს. ამის მთავარი მიზეზი კი ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახია. ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვან გოგონებს იძულებით ათხოვებენ.

600-მდე მოსწავლემ, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის თავმჯდომარე საუბრობს, სკოლა მხოლოდ ერთი სასწავლო წლის განმავლობასი დატოვა. დაოჯახებული გოგონების უმეტესობა 13-დან 16 წლამდეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, სისიხლის სამართლის დანაშაულია, გამოძიება ამ ეტაპზე მხოლოდ 179 შემთხვევაზეა დაწყებული. 

კონკრეტულად რამდენ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება ან რამდენ შემთხვევაზე მოხდა რეაგირება, განათლების სამინისტროში არ იციან. უწყებაში არც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებულ რიცხვებს აღიარებენ და ამბობენ, რომ პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით სკოლა გათხოვების მიზნით არა 600-მა, არამედ 88 გოგონამ მიატოვა.

თუმცა, მონაცემებს წელიწადის განმავლობაში 600-მდე მოზარდის მიერ სკოლის დატოვების შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა, ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატში. უფრო მეტიც, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს რიცხვები სწორედ განათლების სამინისტროსგან ოფიციალური წერილის სახით მიიღეს. თუმცა, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სრულ სურათს ეს მონაცემებიც არ ასახავს და შესაძლოა დაოჯახებული მოზარდების რაოდენობა გაცილებით მეტია. ამ შემთხვევათა შორის კი უმეტესობაში არასრულწლოვანი მხოლოდ გოგონაა.

უფრო საგანგაშო რიცხვებს ასახელებს არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ასევე განაღლების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნოთ გელა მთივლიშვილი, რომელიც არასრულწლოვანი გოგონების დაოჯახების თემაზე უკვე დიდი ხანია, მუშაობს, აცხადებს, რომ გასული სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა ქვეყნის მასშტაბით 1804-მა მოზარდმა შეწყვიტა, მათგან დიდმა ნაწილმა სწორედ გათხოვების ან მოტაცების შიშით.

სახელმწიფო უწყებების არაეფექტურ მუშაობასა და სამიანისტროს მხრიდან რეალური მონაცემების შესაძლო დაფარვაზე საუბრობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.  

არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ და კანონის ამოქმედებას სთხოვენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის კატეგორიაში შედის, ხშირ შემთხვევაში მათზე რეაგირება არ ხდება.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა 

 

დღის ამბები