იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრზე 2015 წელს 117 ათას 500 ლარის ოდენობის პრემია გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ავრცელებს.
ზაზა ხატიაშვილის აზრით პრემიები, არამოსამართლე წევრებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, საბჭოს მოქმედი მდივნის, ლევან მურუსიძის დანიშვნის გამო მიიღეს. ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ მოხდა კორუფციული გარიგება და ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა.
"ეს, ჩემი აზრით, არის კორუფციული გარიგება, რომელიც უნდა გამოიძიონ. ეს დიდი კითხვის ნიშნების შემცველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ეჭვს ბადებს ჩემში, რომ იყო პოლიტიკური გარიგება," - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის საბჭოს დისკრედიტაციას ცდილობს.