საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მოლაპარაკებებს სთავაზობს გაფიცულ მაღაროელებს. კომპანიაში ხელფასის გაზრდას ამ ეტაპზე გამორიცხავენ, თუმცა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლას არ გამორიცხავენ.
საქ. ნახშირში ერთადერთ გამოსავლად გაფიცვის შეწყვეტა და მაღაროელების მიერ დაყენებულ რამდენიმე საკითხზე შეთანხმების მიღწევა სახელდება. რაც შეეხება გუშინ მინდელის მაღაროსთან მომხდარ ინციდენტს, კომპანიაში განმარტავენ, რომ უკანონო ქმედებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და საქ. ნახშირი საკუთარ ქონებას დაიცავს.
“ჩვენ ყველა პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, ჩვენ ვცდილობთ დღეს არსებული სტატუსი შევნარჩუნოთ, მიუხედავად გართულებული ეკონომიკური ფონისა და ამავდროულად ვიფიქროთ განვითარებაზე", - განაცხადა ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
სამართლებრივ საკითხებში ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მრჩეველის თქმით, საკუთრების ხელყოფაზე ლაპარაკს მოჰყვება კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება და ეს კავშირში არ იქნება გაფიცვასთნ.
"დესტაბილიზაციაზე, ესკალაციაზე, საკუთრების ხელყოფაზე ლაპარაკს უნდა დავანებოთ თავი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ამას მოჰყვება კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, რაც არავითარ კავშირში არ იქნება გაფიცვასთნ იმიტომ, რომ შენობაში შეჭრა და ქონების დაზიანება არ არის გაფიცვა" - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.