თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. დეპუტატები ამბობენ, რომ ქალაქის მერიამ სოციალურად მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თბილისში რეგისტრირებული 290 ათას ოჯახს კომონალური ვაუჩერი ისე გაუუქმა, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეუსწავლია.
“ყოველგვარი დამატებითი შესავლის გარეშე და ხელაღებით 290 ათასამდე თბილისელი ოჯახი ვეღარ მიიღებს კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფორმალურად არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაცველთა ბაზაში. თუმცა ნათელია, რომ 10 ათასობით თბილისელ ოჯახს მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეგისტრირებული არ არიან, სჭირდებოდა ეს დახმარება მათი მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს არის მორიგი სოციალური მავნებლური გადაწყვეტილება, რომელსაც დავით ნარმანია ყოველთვის ადვილად იღებს“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ.
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრის თქმით კი, ხელისუფლების დაპირება, რომ ისინი თითოეულ მოსახლეს რაღაცით მაინც დაეხმარებოდნენ, სიმართლე არ აღმოჩნდა.
“როდესაც წინა წლის ბოლოს ხელისუფლებისაგან მოისმინეს და მიიღეს დაპირება იმასთან დაკაშირებით, რომ ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს ასეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ჩვენ ქვეყანაში და თითოეულ მოსახლეს რაღაცით მაინც დაეხმარება და უცბად, ჯერ ორი თვეც არ არის გასული იგებ, რომ ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცუდი“ - აღნიშნა თამარ ცინცაბაძემ.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომუნალური ვაუჩერი მინისტრებმა არ უნდა მიიღონ.
“როცა ნაციონალური მოძრაობა იყო თბილისის მერიაში, მაშინაც რჩებოდა მსგავსი, ასე ვთვქათ, ეკონომიები და ეს ეკონომიები შემდგომ უკვე ბიუჯეტშ აისახებოდა. ვისაც ესაჭიროება სოციალურ პროექტებში მონაწილეობა და ესაჭიროება კომუნალური ვაუჩერი, ეს უნდა მიიღოს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ვაუჩერი არ უნდა მიიღოს მინისტრმა, არ უნდა მიიღოს პარლამენტის წევრმა და საკრებულოს წევრმა“, - განაცხდა ჯაბა სამუშიამ.
ავტორი: ეკო მაღრაძე