საკონსტიტუციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით შეტანილი მეორე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. კოლეგია მოსარჩელის მიერ მოწვეულ სპეციალისტს უსმენს. საუბარია სამოქალაქო კოდექსისი ერთ-ერთი გარიგების მუხლზე, რომელზეც მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიის წილების გასხვისების კანონიერების შეფასებისას მიუთითებდა.
მოსარჩელე მხარის მიერ მოწვეულმა სამართლის სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა სადაო ნორმასთან დაკავშირებით და მხარეებს წარუდგინა საკუთრაი არგუმენტაცია. მისი პოზიცია თითქმის ემთხვევა მოსარჩელე მხარის პოზიციას. სამართლის ექსპერტს დავით კერესელიძეს მიაჩნია, რომ ეს ნორმა არის ბუნდოვანი და არ არის მკაცრად გაწერილ ჩარჩოებში მოქცეული.
„დღეს განსახილველი ნორმა 54-ე, ერთ-ერთი მათგანი სწორედ უზოგადესი ნორმაა, რომელიც ადგენს ბათილობას, ანუ ყველაზე უფრო მძიმე შედეგს მხარეთა ნების ავტონომიისთვის, რომელიც უპირობოდ ართმევთ მათ უფლებას, რომ დადგეს ის სამართლებრივი შედეგი რაც მათ სურთ, თუმცა მეორეს მხრივ ბათილობის ძირითადი განმაპირობებელი არის ხოლმე სწორედ ის, რომ მხარეებს არ სურს ხოლმე ეს ნების გამოვლენა და ამით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც ბათილობას სამართლებრივ შედეგად განსაზღვრავს,“-განაცხადა დავით კერესელიძემ.
დავით კერესელიძესთან შეკითხვები ჰქონდათ მოსამართლეებსაც. მათ დასვეს დამაზუსტებელი კითხვები, რომელიც მოსამართლეთა განმარტებით მნიშვნელოვანია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ავტორი:ნათია ტრაპაიძე