საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარამომადგენელი ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პროფკავშირის წარმომადგენლებიც.
მხარეები გაეცნენ იმ 3 ძირითად მიმართულებას, რომელთა მოგვარებაც მეშახტეთათვის მნიშვნელოვანია. საინიციატივო ჯგუფის ძირითადი მოთხოვნაა - ხელფასების ზრდა, შრომის პირობების გაუმჯობესება და კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა.
შეხვედრის დეტალებზე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზად არიან მოაწესრიგონ თითოეული ლეგიტიმური საკითხი, რომელიც ეხება მათი სოციალური უფლებების გაუმჯობესებას. ასევე გამოითქვა მზადყოფნა კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯის მენეჯმენტთან შექმნილი კუმუნიკაციის პრობლემის დროულად აღმოფხვრის თაობაზე.
საინიციატივო ჯგუფს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვანი ვარდნისა და ნახშირის მოხმარების შემცირების ფონზე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვერ გასცემს არარეალურ დაპირებებს ამ ეტაპზე ხელფასის მყისიერ ზრდასთან დაკავშირებით.
კომპანიის მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ მათ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია და განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება და სწორედ შახტების შემდგომი განვითარება და ნახშირის მოპოვების გაზრდა გახდება ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველი, რაც პერსპექტივაში მეშახტეთა შრომის ანაზღაურების ზრდაზეც აისახება.
შეხვედრის დეტალები და მიღებული გადაწყვეტილებები, გაეცნო ასევე გარეთ შეკრებილ მეშახტეთა ჯგუფს. კომპანია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან ადგილზე და აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ მეშახტეებთან საკითხების დროულად დარეგულირების მიზნით.