ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულში მეშახტეების მიერ კომპანია საქნახშირის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაზე პირველ კომენტარს რუსთავი 2-თან აკეთებს და აცხადებს, რომ "მომხდარი სამწუხარო ფაქტია." ჩაფიძე მეშახტეებს მოუწოდებს დატოვონ ადმინისტრაციის შენობა.
„მე დაახლოებით 5 წუთის წინ შემარტყობინეს მომხდარის შესახებ და დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ ისინი დატოვებენ ადმინისტრაციის შენობას. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ასეთი რამ, კერძო საკუთრებაში შეჭრა არის დაუშვებელი. ეს აზიანებს ვითარებას, იმიტომ, რომ მთავრობა ჩართულია პროცესის მოგვარებაში და საუბარია, რომ ყველა მოთხოვნა იქნება განხილული. ასეთი ქმედება კიდევ უფრო ართულებს ვითარებას,“-განაცხადა ელისო ჩაფიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.
დეპუტატის განცხადებით, მისთვის უცნობია თუ რა გახდა საქნახშირის ადმინისტრაციაში მეშახტეების შეჭრის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ტყიბულში დაძაბული ვითარებაა. მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. როგორც ცნობილია მათ კომპანია საქნახშირის მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დახიეს. ადგილზე გამოძახებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
უკვე რამდენიმე დღეა ტყიბულის მაღაროს მეშახტეები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს. დღეს საღამოს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა.