20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი გრძელდება

ტყიბულში ვითარება უცვლელია, მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მოლაპარაკებებს განაგრძობს მხარეებთან პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტება კომპანიის ადმინისტრაციამაც გააკეთა.

“აქ შეკრებილი მუშებისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიასთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ინდექსაციას ანუ ინფლაციის მიხედვით ხელფასების ზრდას. ამ საკითხზე მქონდა კომპანიის წარმომადგენლებთან საუბარი რაზეც მათი პოზიცია იყო, რომ ეს ხელშეკრულება არ არის იურიდიული ძალის მქონე გამომდინარე იქიდან, რომ ხელმოწერა არის გაყალბებული, თუმცა ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. კომპანია ვალდებულია მოახდინოს ინფლაციის მიხედვით მუშებს გაუზარდოს ხელფასი,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომპანიის ფინანსური დირექტორის ზურაბ გელენიძის თქმით, 2 თვის განმავლობაში მოხდება სრული რევიზია იმისათვის, რომ მოხდეს სახელფასო სისტემის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

“როდესაც ვსაუბრობთ გაფიცულთა ჯგუფზე ეს არის 200 კაციანი შემადგენლობა მეშახტეების, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 500 კაციან კოლექტივზე ანუ დანარჩენი 1 300 კაცი დღეს მუშაობის დაწყებას ელოდება. რაც შეეხება ხელფასების გადახედვას, ჩვენ ვერანაირად ვერ შევძლებთ ვერავისთვის კონკრეტულად რაიმე ხელფასის გადახედვას, მითუმეტეს ინდივიდუალურად. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2 თვის განმავლობაში მოხდება სრული რევიზია იმისათვის, რომ მაქსიმალური ოპტიმიზაცია შევძლოთ სახელფასო სისტემის და ვუზრუნველყოთ გარკვეული გაუმჯობესება“ - აღნიშნა  გელენიძემ.      

ავტორი: ანი წერეთელი    

დღის ამბები