"პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს," - დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.
ეს განცხადება ნარმანიამ დღეს აქცია „არა პანორამას“ ორგანიზატორების საპასუხოდ გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ პანორამას პროექტს თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„კვლევების შესაბამისად თუკი რამე კითხვა არსებობდა ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ამდენად არ მგონია, რომ რაიმე სახის საჭიროება იყოს ამ ეტაპზე პროექტის გადახედვისა. პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მას აქვს ქალაქისთვის ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი. ამ პროექტის ხიბლი არის ის, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილს 3-4 წუთში დააკავშირებს ქალაქის მეორე მნიშვნელოვან ნაწილთან. ამდენად არის საინტერესო, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწორედ ამ ადგილას,“ - განცხადა დავით ნარმანიამ.