ტყიბულში მოლაპარაკეებების პროცესი განახლდა. გაფიცული მაღაროელები საქნახშირის წარმომდგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
თუმცა ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაური იყო. მაღაროელებმა ხმაურიანი შეძახილებით ხელფასების გაზრდა მოითხოვეს და ადმინისტრაცია აქციის მონაწილეების მოტყუებაში დაადანაშაულეს.
ხელფასების 5 %-იანი გაზრდის პირობა მაღაროელებმა დღეს ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორისგან ზურაბ გელენიძისგან მიიღეს.
„ჩვენი შეთავაზებაა, რომ სახელფასო განაკვეთების გადახედვა განხორციელდება 5 %-ის ოდენობით მომავალი თვიდან და ასევე განხორციელდება სრული სარევიზიო არსებული სახელფასო სისტემის მომდევნო ორი თვის განმავლობაში და გამოინახება შემდგომი ოპტიმიზაციის გზები,“ – აცხადებს ზურაბ გელენიძე.
ტყიბულში მაღაროელები უკვე მე-14 დღეა გაფიცულები არიან.